ბათუმში ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება

“წელს ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება 2022 წლის 5-8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა მსოფლიოზე”,- ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ლიტერატურული ინიციატივა” ავრცელებს.

“ამ ფესტივალით კიდევ ერთი, მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ მხარეს შორის. ამავდროულად, სიმბოლურიცაა, რომ სწორედ ქალაქ ბათუმში, სანაპიროზე, ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ძეგლებია.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან Peter Weiss Foundation for Art and Politics (გერმანია), ქართული ლიტერატურული ინიციატივა და გამომცემლობა წიგნები ბათუმში. ფესტივალი ხორციელდება Konrad Adenauer Foundation-ის (გერმანია), Jan Michalski Foundation-ის (შვეიცარია), international literature festival berlin (ilb)-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, Prohelvetia-ს (შვეიცარია) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. ფესტივალი წელსაც განაგრძობს თანამშრომლობას Odesa Academic Ukrainian Music and Drama Theater named after V. Vasylko-სთან. ფესტივალის ორგანიზატორები აგრძელებენ მოლაპარაკებებს სხვა დაინტერესებულ პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან.

ბათუმი, როგორც ოდესის ერთგული პარტნიორი ქალაქი, უმასპინძლებს უკრაინელ, ქართველ, შვეიცარიელ, რუმინელ, პოლონელ, თურქ და სხვა უცხოელ მწერლებსა და ფესტივალის მონაწილეებს. ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ქართულ-უკრაინული პოეზიის ღონისძიებებს, საბავშვო ლიტერატურულ პროგრამას, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, დისკუსიებს და მთარგმნელობით სემინარებს. იგეგმება სპეციალური ღონისძიება იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვებისთვის.

ფესტივალის პროგრამა განხორციელდება ჰიბრიდული ფორმატით; უკრაინელი მწერლების ნაწილი მხოლოდ ონლაინ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ყველა ღონისძიება, რომელიც ბათუმში გაიმართება, ხელმისაწვდომი იქნება YouTube და Facebook გვერდებზე.

ფესტივალის სრული პროგრამა გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე: http://litfestodessa.com/programme. ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ბათუმელები და ნეტგაზეთი.”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები