გიორგი კობერიძე: ჩვენი დასავლური ორიენტაცია არის საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და გაძლიერების გზა
“ჩვენი დასავლური ორიენტაცია არის საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და გაძლიერების გზა”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აცხადებს.
ექსპერტი ინტერვიუში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
“რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება რუსეთის დაბნეულობად შეფასდეს. საქმე ის არის, რომ კრემლში დარწმუნებული იყვნენ, რომ უკრაინა მინიმალურ წინააღმდეგობას გასწევდა. მით უფრო არ ელოდნენ, რომ რუსული ტექნიკა ისე და იმ მასშტაბით განადგურდებოდა, რასაც დღეს ვხედავთ. რუსები დაბნეული არიან იმითაც, რომ იარაღი, რომელსაც უკრაინა იყენებს, მათთვის სრულიად უცნობია. უკრაინის შეიარაღებაში აღმოჩნდა ისეთი ტექნიკა, რომელსაც შეუძლია 150 კმ-ის დაშორებით რადარების განადგურება, რაც ნიშნავს, რომ რუსეთისთვის კონცეფციამ “სტრატეგიული სიღრმე” აზრი დაკარგა. უკრაინელები მისწვდნენ ბელგოროდს, ყირიმს და ა.შ. ამ ყველაფერს რუსეთში არ ელოდნენ… დღეს ვითარება კრიტიკულია.
ჯერ ვერ ვიტყვით, რომ უკრაინელებმა ომის მსვლელობაში თავის სასარგებლოდ გარდატეხა უკვე შეიტანეს. ისინი კვლავ იმ სტრატეგიას მიჰყვებიან, რაც მტრის გამოფიტვასა და დასუსტებას გულისხმობს. ჩემი აზრით, გარკვეული პერიოდის მერე უკრაინელებს აუცილებლად მოუწევთ კონტრშეტევაზე მასშტაბურად გადასვლა. საქმე ის არის, რომ ზამთარში, თოვლისა და უამინდობისას, უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად მასობრივი შეტევის წამოწყება რთული იქნება. უკრაინელებს ექნებათ ცაში უპირატესობა, რადგან რუსულ ავიაციას სულ უფრო და უფრო უჭირს უკრაინის ცაში ფრენა, მაგრამ ამ პირობებშიც არ იქნება იოლი ზამთარში მასშტაბური შეტევა, ამიტომ, ჩემი აზრით, უკრაინელები ფიქრობენ, რომ დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებამდე წამოიწყონ კონტრშეტევა. ისინი არ დაკმაყოფილდებიან რომელიმე ერთი ქალაქის ან ოლქის გათავისუფლებით. ვფიქრობ, ამ შეტევას ექნება დომინოს ეფექტი. თუ ფრონტის ხაზი რუსების საზიანოდ ჩამოიშალა, ეს ძალიან სწრაფად მოხდება.
იბომბება რუსეთის ტერიტორია, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული. ამის მერე ისმის კითხვა: სად გადის წითელი ხაზი? მოსკოვზე? თან ვხედავთ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ წყდება, განსაკუთრებით – აშშ-იდან და დიდი ბრიტანეთიდან. მოგეხსენებათ, ამ ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მოწოდების ახალ პაკეტს ამზადებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბრიტანელები მასშტაბურად წვრთნიან უკრაინელ სამხედროებს. ეს ყველაფერი ქმნის ამ ომში უკრაინის სასარგებლოდ მასშტაბური გარდატეხის საფუძველს. აი, ამ რეალობის წინაშე ვართ დღეს, ამიტომაც რუსეთს პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად უკვე აღარ აქვს იმის ძალა, რომ იმუქრებოდეს, ამას თუ გააკეთებთ, უარესით გიპასუხებთო… რაც კი გამოსაყენებელი ჰქონდათ, ამ ომში უკვე ყველაფერი გამოიყენეს, გარდა ბირთვული იარაღისა.
რუსეთი არ აცხადებს მობილიზაციას და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფართომასშტაბიან ომს სპეცოპერაციას ეძახის. საყოველთაოდ მობილიზებული ჯარისკაცების წვრთნისა და აღჭურვის ხარისხი გაცილებით ნაკლებია ხოლმე, ვიდრე რეგულარული არმიის. გარდა ამისა, თუ ეს ადამიანები მასობრივად ჩაცვივდებიან ტყვედ, არავინ იცის, როგორ მოიქცევიან. არ არის გამორიცხული, მათი ნაწილი უკრაინის მხარესაც გადავიდეს. ამის პრეცედენტები უკვე გაჩნდა – უკრაინაში “თავისუფალი რუსეთის ლეგიონი” რუსების წინააღმდეგ იბრძვის. მობილიზაციას ძალიან ბევრი ნაკლი აქვს, მით უფრო, როდესაც ავტოკრატიული სახელმწიფო ხარ და მობილიზებულ ჯარს სათანადოდ ვერ გაწვრთნი და ვერ მოამარაგებ. მე-20 საუკუნეში ასეთ მობილიზებულ არმიას ბევრი ფუნქცია ჰქონდა, მათ შორის – რიცხობრივი დაწოლა მოწინააღმდეგეზე. დღეს, როდესაც ტექნიკა ისეა განვითარებული, რომ დრონების საშუალებით, ფაქტობრივად, პირდაპირი ეთერით ვუყურებთ რუსი სამხედროების გადაადგილებას, ცოცხალი მასით დაწოლით წარმატების მიღწევის შესაძლებლობა სასაცილოდაც კი ჟღერს, რადგან ერთ ზუსტ საარტილერიო შეტევას ასობით ადამიანის ერთ წამში განადგურება შეუძლია. კრემლი არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ომში რუსეთის არმიის საუკეთესო ნაწილი გაწყდა. რუსეთს ჰქონდა და კვლავაც აქვს ნორმალური შეიარაღება, მაგრამ ამ ტექნიკის გამოყენება გათვლილია სწორ ტაქტიკაზე, რაც რუსების ყველაზე დიდი პრობლემაა… ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, ერთი დარტყმით განადგურდა შავი ზღვის ავიაციის ნახევარი, რაც უზარმაზარი ზარალია. მისი ანაზღაურება სწრაფად ვერ მოხერხდება – რუსეთში იარაღის წარმოება ასეთი ინტენსიური არ არის… უკრაინელებისთვის ყველაფერი მარტივად არის _ ისინი საკუთარი ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ, ისინი აღწევენ წარმატებებს ფრონტის ხაზზე, რუსული არმია წინ ვეღარ მიიწევს, ამიტომ ახლა წარმოუდგენელია, უკრაინელები რაიმე პირობას დასთანხმდნენ და რუსეთს ამოსუნთქვის საშუალება მისცენ. უკრაინისთვის დღეს მოლაპარაკების თემა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ მისი ტერიტორიების დეოკუპაცია, რისი სურვილიც რუსეთს ნამდვილად არ აქვს, რომ გამართონ კიდეც შეხვედრა, რაზე უნდა ილაპარაკონ? მოლაპარაკების პროცესი დღეს ჩიხშია, ანუ როდესაც მომლაპარაკებელ მხარეებს არ აქვთ რამის დათმობის სურვილი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს შეხვედრას?
ჩვენი დასავლური ორიენტაცია არის საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და გაძლიერების გზა. ეს სტრატეგია საქართველომ, 30 წელიწადია, აირჩია და ახლა ისე ჩანს, თითქოს ამის შეცვლას ცდილობენ, რათა ერთი ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის ვიწრო ინტერესები დააკმაყოფილონ…
ამ ძალიან საშიშ რეგიონში ჩვენ, შესაძლოა, დავრჩეთ მარტო და აღმოვჩნდეთ მსხვერპლის როლში. თუ რომელიმე მტაცებელ სახელმწიფოს საქართველოს მიმართ აგრესიული და მკაცრი პოლიტიკის გატარება მოუნდება, საქართველოს შეიძლება აღარ შერჩეს მეგობარი, რომელსაც ამ დროს დახმარებისთვის მიმართავს”,- აცხადებს რესპონდენტი.