სამთვიანი პაუზის შემდეგ, მაკრონმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს დაუკავშირდა.

ამ ეტაპზე ინფორმაციას მხოლოდ კრემლი ავრცელებს.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ ლიდერებმა ​ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

„პრეზიდენტებმა აღნიშნეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიის, რაც შეიძლება მალე, გაგზავნის მნიშვნელობა, რომელიც შეძლებს ადგილზე შეაფასოს რეალური ვითარება. რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა სააგენტოს ინსპექტორებს გაუწიოს საჭირო დახმარება,“ – აცხადებენ კრემლში.

გარდა ამისა, პუტინმა და მაკრონმა ელენოვკაში ტრაგედიის ადგილზე გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების დაშვების საკითხზე ისაუბრეს.

ასევე, მაკრონმა და პუტინმა „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ შეთანხმებების შესრულება განიხილეს.

უკანასკნელად პუტინმა და მაკრონმა 28 მაისს ისაუბრეს.

აგვისტოს დასაწყისში კრემლში განაცხადეს, რომ საფრანგეთს არამეგობრულ სახელმწიფოდ განიხილავენ და ორ ლიდერს შორის დისკუსიები “არ არის საჭირო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები