ყოფილ ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა

„მთავარი არხის” ყოფილ წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს, რომელსაც ბრალი გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურორმა ლაშა ნაკაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარემ კი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები