ლაგოდეხში ლეგენდარული მფრინავის, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერი გაიხსნა

ლაგოდეხში ლეგენდარული მფრინავის, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერი, საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას, ადგილობრივებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და სახელმწიფო ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის პირველი პირის ინფორმაციით, ჯიმი მაისურაძის სახელობის დასასვენებელ სკვერს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა: მოეწყო საბავშვო ატრაქციონების სივრცე, შადრევანი. დამონტაჟდა სკამები, გარე განათებები, სანაგვე ურნები და ახალი, დეკორატიული ლითონის ღობე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე, სკვერის მიმდებარე, სპორტულ მოედანს; დაიგო მულტიფუნქციური საფარი; დამონტაჟდა კალათბურთის ახალი ფარები; მოეწყო ტრიბუნა; დეკორატიული ფილით გაფორმდა სავალი ბილიკები, კეთილმოეწყო, სანიაღვრე არხი. სკვერში არსებული, ჯიმი მაისურაძის მემორიალი, მოპირკეთდა ბაზალტის დეკორატიული ფილით.

“ეს არის, ჩვენს ქალაქში ახალი, თანამედროვე, რეკრეაციული სივრცე, რომელიც სასიამოვნო დასასვენებელ გარემოს შეუქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მუნიციპალიტეტში ჩამოსულ სტუმარს”, – აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

პროექტი, საპილოტე რეგიონების, ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 723984,22 ლარს შეადგენს.

მფრინავ ჯიმი მაისურაძის სოფელ გიორგეთში, სოფლის დღესასწაული „ჯიმშერობა“, სხვადასხვა სპორტული აქტივობებით აღინიშნა. გმირის მშობლიურ სკოლაში კი მოსწავლეებმა, ღონისძიება გამართეს, სადაც, დამსწრე საზოგადოებას, გმირის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები გააცნეს.

მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილესთან და სტუმრებთან ერთად, გვირგვინით შეამკო გმირის საფლავი და ქ. ლაგოდეხის სკვერში არსებული, განახლებული მემორიალი, რითაც პატივი მიაგო მის ხსოვნას.

დღის დასასრულს, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები