Die Welt: ყაზახეთი და საქართველო შიშობენ, რომ პუტინის შემდეგი მსხვერპლი გახდებიან

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შემდგომი აგრესიული გეგმები, შესაძლოა ყაზახეთსა და საქართველოს უკავშირდებოდეს.

ამის შესახებ Die Welt-ის მასალაშია ნათქვამია, წერს Unian-ი.

აღნიშნულია, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ უკვე მიანიშნა აგრესიის მასშტაბების გაფართოებაზე და სსრკ-ს „აღდგენის“გეგმების შესახებ.

Die Welt წერს, რომ პუტინმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას არა მხოლოდ „ტრაგედიად“, არამედ „ისტორიული რუსეთის კრახადაც“ მიიჩნევს. თითქოს, სახელმწიფომ დაკარგა „რაც ათასი წლის განმავლობაში შენდებოდა”. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა იმის მტკიცებულებაა, რომ კრემლის ლიდერი წარსულში დაბრუნების სურვილს აშკარად გამოხატავს.

ისტორიკოსი, კარლ შლეგელი აღნიშნავს, რომ სერიოზულად უნდა იქნას აღქმული რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებები, რომელმაც თქვა, რომ ყოფილი საბჭოთა ყაზახეთი არის “ხელოვნური სახელმწიფო” და რომ, მხოლოდ რუსეთს შეუძლია იქ წესრიგის აღდგენა.

„ყველა ხალხი, რომელიც ოდესღაც დიდ და ძლევამოსილ სსრკ-ში ბინადრობდა, კვლავ მეგობრულად ერთად იცხოვრებს“, – დაწერა მედვედევმა, და დასძინა, რომ საქართველო, რომლის რეგიონები აფხაზეთი და ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, შეუძლია რუსეთთან მხოლოდ ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება.

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელევიზია ასევე, სულ უფრო მკაცრი ტონებით, ითხოვს სახელმწიფო სისტემის რეორგანიზაციას.

მაგალითად, კრემლის მთავარმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა, ცოტა ხნის წინ, აღნიშნა, რომ პუტინის გზავნილი, რომ “ომი ჯერ არც დაწყებულა” – მხოლოდ უკრაინისკენ არ იყო მიმართული.

რუსმა ტელეწამყვანმა და პროპაგანდისტმა, ოლგა სკაბეევამ თქვა, რომ შეიძლება „ვარშავამდე მიაღწიონ“, ხოლო სამხედრო ექსპერტმა, ალექსანდრე არტამონოვმა პრაიმ-ტაიმში დაიმუქრა, რომ „ჩვენ დავასრულებთ ძველი სამყაროს არსებობას და შევალთ ახალ ეპოქაში, რომლის სათავეშიც რუსეთი დგას“.

Die Welt წერს, რომ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შეიძლება ეწოდოს პროვოკაცია. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოვლენების ასეთი სცენარი სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და რუსეთს უკრაინაში ომი, შეიძლება არასაკმარისად მოეჩვენოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნის “განთავისუფლებისთვის” დაიწყოს ბრძოლა.

“უკრაინის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი და უმიზნო ომის შემდეგ, რუსეთის მეზობლებს მისი ჭირივით ეშინიათ. ბოლოს და ბოლოს, აღმოჩნდა, რომ პუტინს შეუძლია მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ ომის დაწყება სწორედ ასე, უმიზეზოდ და საბაბის გარეშე. ნაციზმში დღეს, უკრაინა დაადანაშაულეს, ხვალ კი საქართველოს ან ყაზახეთს დააბრალებენ. შეშლილ სისხლიან რეჟიმს არ აინტერესებს ვინ გაანადგუროს შემდეგში. სისხლის გემოს გასინჯვის შემდეგ, რუსები ვეღარ ჩერდებიან”, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები