“რუსეთს შეუძლია ზაპოროჟიეში რადიაციული ავარიის პროვოცირება და ეს იქნება იგივე, რაც ბირთვული იარაღის გამოყენება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება.

ამის შესახებ მან ჩრდილოეთ ევროპიდან პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ვიდეოკონფერენციის დროს თქვა.

„თუ საბჭოთა ხელისუფლება ჩერნობილის კატასტროფის და მისი შედეგების დამალვას ცდილობდა, რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ბევრად უფრო ცინიკური და საშიშია: ის თვითონ აკეთებს ყველაფერს, რომ ბირთვული კატასტროფის რისკი მაქსიმალური იყოს. და მთელ მსოფლიოს ატყუებს, რომ თითქოს, ვიღაც სხვაა დამნაშავე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ საფრთხისგან ევროპის დაცვაა აუცილებელი.

“და შესაძლოა, არა მხოლოდ ევროპის, რადგან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უდიდესია ჩვენს კონტინენტზე, სიდიდით მესამეა მსოფლიოში. მასში ექვსი ელექტრობლოკია”, – თქვა უკრაინის პირველმა პირმა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსეთის საოკუპაციო არმია ამ ატომურ ელექტროსადგურს ტერორისა და შეიარაღებული პროვოკაციებისთვის იყენებს.

”რუსეთმა ატომური ელექტროსადგური ბრძოლის ველად აქცია. როდესაც ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მივიდნენ, მათმა ტანკებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. სადგურზე პირდაპირი დამიზნებით ისროდნენ. სადგურის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის განთავსებით და იქ საბრძოლო მასალების განადგურებით, შეუძლებელია რუსმა სამხედროებმა არ იცოდნენ, რომ მთელ ევროპას ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლება “ათვითცნობიერებს როგორი შეიძლება იყოს შედეგები, როდესაც მათი ჯარები ატომურ სადგურს დაბომბავენ”.

„დარწმუნებული ვართ, რომ ფრთოსანი რაკეტების ტრაექტორია, რომლითაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ბომბავს, შემთხვევით არ გადის უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე. ეს ყველაფერი რუსული ბირთვული ტერორიზმის გამოვლინებაა. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა და ატომური ელექტროსადგურები მძევლად ჰყავს აყვანილი და ყველას, სავარაუდო, კატასტროფით აშანტაჟებს… რუსეთს შეუძლია, ისტორიაში უდიდესი რადიაციული ავარიის პროვოცირება”,- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, შედეგების თვალსაზრისით, ეს შეიძლება იყოს კიდევ უფრო უარესი, ვიდრე იყო ჩერნობილის კატასტროფა, და ფაქტობრივად, იგივეა, რაც ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ ბირთვული დარტყმის გარეშე.

“ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეაჩერებს ქარს, თუ ის რადიაციის მატარებელი გახდება. მაგრამ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევაჩეროთ ტერორისტული სახელმწიფო. და რაც უფრო მალე შევაჩერებთ რუსეთს, მით უფრო მალე, ევროპა და მსოფლიო კვლავ დაცულად იგრძნობს თავს”, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები