სენატორი მარკო რუბიო: ახლა იტყვიან – „ტრამპის მხარდამჭერები ძალიან გაღიზიანებულნი არიან, ისინი საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდნენ, რადიკალური ექსტრემისტები არიან, დავიწყოთ მათი დაპატიმრება“

„რესპუბლიკელი“ სენატორი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ ლათინური ამერიკის ავტორიტარული ქვეყნებიდან სამხრეთ ფლორიდაში ემიგრაციაში ჩასულმა პირებმა კარგად იციან, რას ნიშნავს, როდესაც სამთავრობო ოფიციალური პირები პოლიტიკური ოპოზიციის კრიმინალიზებას ცდილობენ.

„ეს შოკისმომგვრელია ამერიკელებისთვის, მაგრამ ლათინურ ამერიკაში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, აი, რა ხდება – ძალაუფლებას იღებს ჯგუფი. ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც ჯგუფი აკეთებს, არის ის, რომ ისინი იწყებენ დევნას, თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან. შემდეგ კი, როდესაც მათი პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერები იწყებენ ამაზე ჩივილს, ისინი მათ დევნას იწყებენ და ოპოზიციის კრიმინალიზებას ახდენენ“, – აღნიშნა სენატორმა.

მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შევიწროება დაიწყება.

„ეს არის ის, რაც ახლა აქ [აშშ-ში] ხდება. მათ აიღეს ძალაუფლება. ისინი ითხოვენ და ამას ხედავთ Twitter-ზე, ხედავთ მათ საჯარო განცხადებებს, ისინი ითხოვენ, მათ სურთ დონალდ ტრამპის დაპატიმრება. მათ სურთ, რომ მას ახლავე წაუყენონ ბრალი. […] ისინი ახლა იტყვიან: „ოჰ, ეს ტრამპის მხარდამჭერები, ეს რესპუბლიკელები, ისინი ძალიან გაღიზიანებულნი არიან, ძალიან მრისხანე რაღაცებს ამბობენ. ვფიქრობთ, რომ ისინი საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდნენ. ვფიქრობთ, რომ ისინი რადიკალური ექსტრემისტები არიან. დავიწყოთ მათი დაპატიმრება“. შემდეგი ნაბიჯი ამ პროცესში იქნება ის, რომ ადამიანებს, რომლებიც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ან უბრალოდ კონსერვატორები არიან, რომლებიც შექმნილ ვითარებაზე ჩივიან, პოტენციურ მეამბოხეებად მიიჩნევენ და სამართალდამცველების მხრიდან მათი შევიწროება დაიწყება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები