სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესი მიიღო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო  ავრცელებს,

მათივე ცნობით, სააგენტო განაგრძობს ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და ეროვნული საავიაციო კანონმდებლობის დაახლოვებას ევროპულ სტანდარტებთან.

საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესი, რომელიც სააგენტომ 2022 წლის 29 ივლისს დაამტკიცა, შემუშავებულია ევროკავშირის (EU) No1321/2014 რეგულაციის PART-CAMO მოთხოვნების გათვალისწინებით და მისი მიზანია საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და საავიაციო ტექნიკის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
ახალი რეგულაციის თანახმად, ყველა ავიასაწრმო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის პროცესის მართვას, საჰაერო ხომალდის, მისი აღჭურვილობის, მაკომპლექტებელი ნაწილების, აგრეგატების, სისტემების, ძრავების, საწაფის და საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების საშუალებების საფრენად ვარგისობის შენარჩუნებას, უნდა გააჩნდეთ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიკატი ან უცხო ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს შემთხვევაში – სააგენტოს მიერ გაცემული აღიარების მოწმობა.

ახალი მოთხოვნებით, საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმომ უნდა დანერგოს მართვის სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საწარმოს ორგანიზაციულ სტრუქტურას, გაწეული მომსახურების კომპლექსურობას საფრთხეების და რისკების გათვალისწინებით; საწარმომ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს საფრენად ვარგისობის მართვის პროცედურების სახელმძღვანელო, მასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოები და პროცედურები; საწარმომ წინასწარ უნდა შეათანხმოს სააგენტოსთან სერტიფიკატით და მისი დანართით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებული ცვლილებები, პასუხისმგებელი და დანიშნული ხელმძღვანელი პირების ცვლილება და მათ შორის ანგარიშვალდებულების სქემის ცვლილება; საწარმომ უნდა შეიმუშავოს უსაფრთხოების ანგარიშების შიდა წარდგენის სქემა; მართვის სისტემის ფარგლებში, საწარმომ უნდა დანერგოს მოვლენათა შეტყობინების სისტემა სააგენტოს შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით; საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალი სათანადო საოფისე ფართით, სადაც გათვალისწინებული იქნება ტექნიკური დოკუმენტაციის შესანახი ბიბლიოთეკა და ოთახი დოკუმენტაციის განხილვისათვის; საწარმომ უნდა შექმნას ტექნიკური დოკუმენტაციის უსაფრთხო შენახვისა და ეფექტური მოძიების სისტემა და სხვა.

წესი ასევე განსაზღვრავს მოთხოვნებს, როგორც ხელმძღვანელი და სხვადასხვა მიმართულების პასუხისმგებელი პირების, ისე საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილი პერსონალის მიმართ. უცხო ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მართვა განხორციელდება, თუ ამ საწარმოს ექნება EASA-ს ან EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომლის აღიარება უნა მოხდეს სააგენტოს მიერ.

სერტიფიკატის/აღიარების მოწმობის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობა სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას ახორციელებს სააგენტო. ბრძანება ამოქმედდება 2022 წლის პირველი სექტემბრიდან. ახალი რეგულაცია გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე და ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე: https://gcaa.ge/regulations/gcaa-director-orders/ ნორმატიული აქტების გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, სააგენტომ ახალი წესის პროექტი წინასწარ გააცნო ინდუსტრიას. ამასთან, ავიასაწარმოებთან გაიმართა შეხვედრები ახალი მოთხოვნების გაცნობის და კონსულტაციების გაწევის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები