კლინიკის დირექტორის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს პატიმრობა შეეფარდა
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი, მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
პროკურორ ეკა ჭაავას თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებებია განადგურების საფრთხე არსებობდა, რის გამოც, მის მიმართ პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.
ცნობისთვის, პროკურატურამ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი გიორგი გალდავას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.