კლინიკის დირექტორის დაჭრის ფაქტზე დაკავებული ექიმი: მოკვლის მცდელობა არ მქონია, შეშინება მინდოდა
„დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მაგრამ მან მიბიძგა დანაშაულისკენ. მოკვლის მცდელობა არ მქონია, შეშინება მინდოდა. გავისროლე, ადგა და მხარში მოხვდა. მეტრანახევარში ვიყავი და არ ავაცილებდი, განზრახ რომ მქონოდა მოკვლა დაგეგმილი. შემთხვევით მოხდა”,- ამის შესახებ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებულმა ექიმმა, თეიმურაზ ბეჟანიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ბრალდებულმა პროცესზე მომხდარის დეტალებზე ისაუბრა.
“სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა. კონდიციონერის პულტი არ მივეცი. ჩემი და მისი ბიჭი მეგობრები არიან. 30 წელია, ერთად ვმუშაობდით. კონდიციონერი ჩემი ნაყიდი იყო, გადამიყვანა სხვა კაბინეტში. ოთხი კაბინეტი შემიცვალა, მეორედ ვიყიდე კონდიციონერი. რომ გადამიყვანა, მითხრა, ახალ კონდიციონერს დაგიდგამო. ორი ახალგაზრდა ექიმი შეასახლა. ჩვენ ორნი აღმოსავლეთის მხარეს გადაგვიყვანა, სადაც საშინელი სიცხეა. მე ვუთხარი დაცვას, რომელიც მან გამოაგზავნა, პულტს ვერ მივცემ, ვიდრე კონდიციონერი ჩემს ოთახში არ იქნება. გაბრაზებულმა იურისტს დაავალა, ბრძანება დაეწერა გათავისუფლებაზე. ცუდად გავხდი, რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. იარაღს სახლში არ ვტოვებდი. შვილიშვილები მყავს და სამსახურში კაბინეტში ვინახავდი. ამოვიღე, ავალ, შევაშინებ, იქნებ აღმადგინოს სამსახურში-მეთქი და შენ მემუქრებიო. გავისროლე, ადგა და გაკრა მარჯვენა მხარზე. განზრახ მკვლელობის გეგმა არ მქონია. იარაღი ბუჩქებში ჩავაგდე. მან მიბიძგა დანაშაულისკენ. დამნაშავედ ვცნობ თავს, მაგრამ არა იმ კვალიფიკაციით, რაც მაქვს წარდგენილი. იარაღი გავჭედე, სისხლი რომ დავინახე. დამცველით ჩავკეტე, რომ მეორე გასროლა არ ყოფილიყო“, – განაცხადა თეიმურაზ ბეჟანიძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი გიორგი გალდავას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.