“სამხრეთ ოსეთი რუსეთის ხალხისა და მისი ხელმძღვანელობის მადლიერი იქნება” – დე ფაქტო პრეზიდენტი
“სამხრეთ ოსეთი გადარჩა რუსეთის მხარდაჭერით და აღადგინა თავისი ქვეყანა, აჩვენა მთელ მსოფლიოს ოსი ხალხის ურყევი ნება თავისუფლებისა და სამართლიანობის მიმართ”, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა, ცხინვალში, გვიან ღამით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამართულ ხსოვნის აქციაზე.
“სამხრეთ ოსეთი რუსეთის ხალხისა და მისი ხელმძღვანელობის მადლიერი იქნება მუდამ! ძეგლი, რომელთანაც ახლა ვდგავართ, რუსეთ-ოსურ ურთიერთდახმარებას, სოლიდარობას, საერთო გამარჯვებას და მარადიულ ხსოვნას წარმოადგენს, მათი ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისთვის”, – თქვა მან.
მისი თქმით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, სამწუხაროდ, აჩვენებს „როგორ არ ჩერდება დასავლეთი ქვეყნებსა და კონტინენტებზე ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაში, ახალი ომებს გაჩაღებასა და პროვოცირებაზე“.
“დონბასში განვითარებული მოვლენები ამას ადასტურებს. ამიტომ, ჩვენ ვალდებულნი ვართ აღვზარდოთ ახალგაზრდა თაობა გმირების და უდანაშაულოდ დაღუპულთა ხსოვნის სულისკვეთებით. არავინ არის დავიწყებული, არაფერია დავიწყებული!” – ხაზგასმით აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა. ⠀