ექიმის ადვოკატი: გალდავას მოკვლა რომ ნდომოდა, ამაში არაფერი უშლიდა ხელს

„ადამიანს მკვლელობის მცდელობას უყენებენ, მაგ შემთხვევაში გამოძიება თვლის, რომ ეს იყო დამიზნებით განხორციელებული გასროლა, მაგრამ ბრალდებულის პოზიცია არის სხვანაირი”,- ამის შესახებ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე დაკავებული 80 წლის ექიმის, თეიმურაზ ბეჟანიძის ადვოკატი კახა შონია აცხადებს.

“მას გალდავას მოკვლა რომ ნდომოდა, ამაში არაფერი უშლიდა ხელს და ახლა მაჩვენა მანძილი, დაახლოებით მეტრანახევარი გამოდის, ისროლა კედლის მიმართულებით. როგორც თვითონ ამბობს, გასროლის დროს გალდავა გაიწია გვერდით და მაგ დროს აქვს ტყვია მოხვედრილი მკლავში”,- აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1942 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს, რომელიც ამავე კლინიკის ექიმია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი – 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები