“არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ალეკო ელისაშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის ერთობლივ განცხადებას.
მისივე თქმით, პოლიტიკაში მონაწილეობაზე ან არმონაწილეობაზე გადაწყვეტილებას ყველა ადამიანი თავად იღებს.
„სამართლებრივი პროცედურები დაცვას და პატივისცემას მოითხოვს. პოლიტიკაში ვინმეს მოსვლას ან წასვლას რაც შეეხება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მონაწილეობაზე ან არმონაწილეობაზე. შესაბამისად, რაც უნდა მიზანშეწონილად გვეჩვენებოდეს ეს, არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს. გარკვეული კითხვები გვექნება ოპოზიციონერი დეპუტატების ამ მოწოდებაზე”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ალეკო ელისაშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის ერთობლივ განცხადებაში საუბარია დეპოლარიზაციისთვის საჭირო სამ ნაბიჯზე: პირველი – საკონსტიტუციო ცვლილებები, მეორე – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა და მესამე – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.