გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურამ ვერ იმუშავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, გლობალური უსაფრთხოების ეფექტური არქიტექტურა საჭიროა იმისთვის, რომ ვერც ერთმა ქვეყანამ სხვა სახელმწიფოს ტერორს ვეღარასდროს მიმართოს.
„დღესდღეობით, ჩვენს საინფორმაციო სივრცესა და სოციალურ ქსელებში კონფლიქტური სიტუაციებისა და საფრთხეების შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ჯერ ბალკანეთი, მერე – ტაივანი, ახლა კავკასია შეიძლება იყოს… ყველა ეს სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ: გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურამ ვერ იმუშავა. მას რომ ემუშავა ასეთი კონფლიქტი არ იქნებოდა.
ეს არის ის, რასაც უკრაინა არა მხოლოდ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 161-ე დღეს, არამედ წლების განმავლობაში აქცევდა ყურადღებას. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირება მოახდინა.
უკრაინელები ახლა აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ყველასთვის მსოფლიოში. ჩვენმა ერმა გააერთიანა თავისუფალი სამყარო არამხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლაში, არამედ იმ გაგებით, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი თავისუფლება. ამ სიმყიფის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით და ამან რომ იმუშაოს ხანგრძლივ პერსპექტივაში, საჭიროა გლობალური უსაფრთხოების ეფექტური არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვერც ერთმა სახელმწიფომ ვეღარასდროს მიმართოს სხვა სახელმწიფოს ტერორს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.