შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ევროკომისიის იმ რეკომენდაციაზე იმსჯელეს, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს.

„ჩვენ ამ პროცესს უნდა შევხედოთ ევროკავშირის პერსპექტივიდან. ჩვენ გვაქვს ახლა პროცესი, რომელიც გულისხმობს ევროპული საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებას. თუკი ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ჩვენი მიზანი არის ამ რეკომენდაციების დაკმაყოფილება.

რეკომენდაციები შეეხება ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის არსებული დასკვნების ანალიზს და თუ რამე დარჩენილია, მის გათვალისწინებას საარჩევნო კოდექსში”,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს პოზიცია და მიმდინარე წელს ამ კუთხით გადაწყვეტილების მიღება არ არის დაგეგმილი. მისივე თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ორი საკითხი, ევროკავშირის რეკომენდაციები და მათი დაკმაყოფილება. ხოლო სხვა საკითხების განხილვა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს სხვა ფორმატში.

„რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ეს გახლავთ ცალკე საკითხი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს 12 რეკომენდაციასთან და ამაზე ყველა თანხმდება, მათ შორის, დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთანაც გვქონდა საუბარი და აქაც ცხადია პასუხი, რომ ეს არ გახლავთ ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახული საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს ან გადაწყდეს რამენაირად. ეს არის სხვა საკითხი. ამიტომაც მე, კოლეგებსაც ვუთხარი, ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენს მიზანზე, ჩვენი მიზანი ახლა თუ არის ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით კანდიდატის სტატუსის მიღება, ჩვენ უნდა მივყვეთ ამ საკითხს.

რაც შეეხება, სხვა მიზნებს და ინტერესებს, ასეთი შეიძლება არსებობდეს ბევრი. საარჩევნო ბარიერზე შეიძლება გვქონდეს ინტერესი, გირჩს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით აქვს მოსაზრებები, არის სხვა საკითხებიც, მაგრამ ეს არ არის პატიოსანი ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე, რომ ჩვენ სხვა ინტერესები და მიზნები ჩავდოთ ამ კალათაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის გზაზე წინსვლა.

ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი, ევროკავშირის რეკომენდაციები, მათი დაკმაყოფილება და ეს არის ცხადი გეგმა, რომელსაც უნდა მივყვეთ, რაც შეეხება სხვა საკითხებს, უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არის სხვა საკითხები და ამაზე მგონი ვთანხმდებით ყველა, რომ ეს არ არის ევროკავშირის საკითხი და ეს უნდა იყოს სხვა ფორმატში განხილვის საკითხი.

ბარიერთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიცია ვთქვით. წელს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ”,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელი პარლამენტში გივი მიქანაძე მონაწილეობდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები