აზერბაიჯანში რომის პაპის ყოფილ ელჩს პედოფილიაში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანში ყოფილი სამოციქულო ნუნცი (2018-2022), ამჟამად დეტროიტის დამხმარე ეპისკოპოსი, პოლ ფიცპატრიკ რასელი სექსუალური სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.
ამის შესახებ Detroit Catholic წერს.
რასელს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ქმედებებში ადანაშაულებენ, რომლებიც 30 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა – იმ დროს, როდესაც რასელი ბოსტონის ეპარქიაში მღვდლად მუშაობდა.
სარჩელი, რომელიც შეტანილია მასაჩუსეტსის შტატის საფოლკის ოლქის უზენაეს სასამართლოში, ეხება სექსუალურ ძალადობას 12 წლის ბიჭის მიმართ. გავრცელებული ინფორმაციით, მღვდელმა ბიჭის მიმართ სექსუალური ხასიათის 25-ზე მეტი ქმედება განახორციელა.
დეტროიტის ეპარქიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარეპისკოპოსი რასელი „შოკირებული და დამწუხრებულია გაჟღერებული ბრალდებებით და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის ლოცულობს ყველასთვის, ვინც ოდესმე ყოფილა მსხვერპლი სასულიერო პირების მხრიდან“.
იმავდროულად, სარჩელში ძალადობის მსხვერპლი დასახელებულია, როგორც “ჯონ დოუ”, რომელიც ადგილობრივ სამრევლოში მოხალისედ მუშაობდა, ამჟამად კი, ის 40 წლის კაცია.