ნინო თანდილაშვილი ეგვიპტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი ეგვიპტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს და გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 27-ე კონფერენციის (COP27) დეტალები განიხილეს. კონფერენცია (COP27) მიმდინარე წლის 7-18 ნოემბერს ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაიმართება.

როგორც ნინო თანდილაშვილმა საუბრისას აღნიშნა, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება დიდ გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკის სხვადასხვა დარგსა და სოფლის მეურნეობაზე, ისე – თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

„ქვეყანაში გვაქვს ძალიან მკაფიოდ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC), კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გაერო-ს კლიმატის ცვლილების რიგით 27-ე კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის გლობალურ ურთიერთობებში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე ეგვიპტის არარეზიდენტმა ელჩმა საქართველოში, ბაჰა დესუკი აღნიშნა, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში სასურსათო უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება; შესაბამისი მიმართულებით ქვეყანაში ევროპული სტანდარტები დაინერგა, თუმცა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

ნინო თანდილაშვილმა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მარცვლეულის სექტორში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მარცვლოვანი კულტურებისა და ხორბლის წარმოების განვითარება ქვეყანაში კვლავ აქტუალური საკითხია.

მინისტრის მოადგილემ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ქართული აგროსასურსათო პროდუქცია, როგორიცაა ქართული ღვინო, ხილ-ბოსტნეული, თხილეული და თაფლი შეუფერხებლად გადის ექსპორტზე ევროპის ბაზარზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო განახლებადი ენერგიის წყაროების, მწვანე ენერგიის განვითარების საკითხს. მხარეებმა სასუქებისა და პესტიციდების ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში იმპორტირების შესაძლებლობის საკითხზეც იმსჯელეს.

შეხვედრას ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე ევროპის საკითხებში,  იჰაბ ნასრი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები