ოთარ შამუგია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის შესრულების საკითხები, უკვე მიღწეული პროგრესი, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, რაც თავისთავად მოიაზრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განსაზღვრას.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს თემატური მოხსენება წარუდგინა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებებისა და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწევებზე.

შეხვედრას გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებების არასამთავრობო ორგანიზაციების, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები