ინდოეთში “მაიმუნის ყვავილით” გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში “მაიმუნის ყვავილს” 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, რომელსაც აქამდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არავითარი პრობლემები არ ჰქონია, – განაცხადა კერალას შტატის ჯანდაცვის მინისტრმა, ვინა ჯორჯმა.

მისი თქმით, მამაკაცი ინდოეთში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაბრუნდა, სადაც 19 ივლისს მას “მაიმუნის ყვავილზე” დადებითი პასუხი ჰქონდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, მისი ჰოსპიტალიზაცია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთება გახდა საჭირო, თუმცა, ექიმებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მასთან კონტაქტში მყოფი პირები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

AFP-ის ცნობით, ინდოეთში “მაიმუნის ყვავილის”, სულ მცირე, ოთხი შემთხვევაა გამოვლენილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაისის დასაწყისიდან აფრიკის ფარგლებს გარეთ 18000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათი უმეტესობა ევროპაში.

ორგანიზაცია დაავადებასთან დაკავშირებულ ლეტალობის, სულ მცირე, სამ შემთხვევას ადასტურებს – ორი – ესპანეთში და ერთი – ბრაზილიაში. ინდოეთის შემთხვევა აზიაში პირველია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები