ჯონ კირბი: ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში, უკრაინის პორტებიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული უფრო მეტი გემი გავა
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ქალაქ ოდესის პორტიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გამგზავრების ფაქტს მიესალმება, – ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
როგორც მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამერიკა ყურადღებით აკვირდება, როგორ შეასრულებს რუსეთი სტამბოლში მიღწეული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
„ჩვენ აშკარად მივესალმებით ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტი გემი გავა მსოფლიო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, როგორიცაა მარცვლეული, ხორბალი, მზესუმზირის ზეთი და სიმინდი. გემი დღეს გაემგზავრა, ჰქონდა დაახლოებით 26,000 ტონა სიმინდი.
რუსეთმა, სასურსათო კრიზისის დასაწყებად უკრაინის პორტები დაბლოკა. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომლებიც ახალი შეთანხმებით იქნა მიღწეული, მათ შორის, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეუფერხებელ ექსპორტს შავი ზღვის პორტებიდან, რათა შეამსუბუქოს სასურსათო დაუცველობა მთელ მსოფლიოში. ასე რომ, ჩვენ ამას ყურადღებით დავაკვირდებით“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.