ირანში აცხადებენ, რომ ბირთვული ბომბის შექმნა შეუძლიათ, მაგრამ არ სურთ

ირანის ბირთვული ენერგეტიკის ხელმძღვანელ მოჰამად ესლამის განცხადებით, ქვეყანას ატომური ბომბის შექმნა შეუძლია, თუმცა, აღნიშნული თეირანის გეგმებში არ შედის. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.

მოჰამედ ესლამი აქტიურად იმეორებს ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩევლის, ქემალ ქარაზის განცხადებას, რომელმაც მსგავსი კომენტარი 17 ივლისს „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

უკვე ათწლეულებია, რაც ბირთვული პროგრამა ირანსა და დასავლურ სამყაროს შორის დაპირისპირების უმთავრეს საგანს წარმოადგენს. ირანის მტკიცებით, მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. შეერთებულ შტატებში ირანის არგუმენტებს ეჭვის თვალით უყურებენ.

2015 წელს, მაშინ – როცა ოვალურ კაბინეტს ობამა განაგებდა, ირანთან მნიშვნელოვანი ბირთვული შეთანხმება გაფორმდა, მას ხელს 7 სახელმწიფო: საკუთრივ ირანი, აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია აწერდა. შეთანხმების ძალით ირანს სანქციები მკვეთრად შეურბილდა, მას ნავთობის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა მიეცა, შედეგად – 2016 წელს ირანის ეკონომიკა 1991 წლის შემდეგ პირველად 8.8%-ით გაიზარდა, მაგრამ ზრდა დიდხანს არ გაგრძელებულა, 2018 წელს აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა შეთანხმება დატოვა და სანქციები აღადგინა. ტრამპი აცხადებდა, რომ ქვეყანას, რომელსაც იაფი ბუნებრივი გაზის უდიდესი მარაგი გააჩნია, მშვიდობიანი მიზნით ძვირიან ბირთვულ ენერგიაზე რესურსებს არ დახარჯავდა.

ირანისთვის ბირთვულ რეაქტორებზე გამჭვირვალობის გაზრდის სანაცვლოდ სანქციების მოხსნის საკითხი კიდევ ერთხელ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დადგა. თუ ირანს ენერგორესურსების ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა მიეცა, მიწოდების ზრდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობს გააიაფებს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. უსაფრთხოების მოტივით ირანისთვის სანქციების მოხსნას ყველაზე მეტად ისრაელი ეწინააღმდეგება, პოტენციური კონკურენტის დაშვება ბაზარზე არც საუდის არაბეთს სურს.

წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი – ჯორჯ ბუშისა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს – აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა რამდენჯერმე ომის დაწყების წერტილს მიუახლოვდა, თუმცა, ყოველ ჯერზე მხარეებმა მყიფე მშვიდობის შენარჩუნება მაინც მოახერხეს.

მართალია – აშშ-ში ირანის ბირთვული პროგრამის მიზნების არ სჯერათ, მაგრამ  დაზვერვას არც იმის შესახებ მოეპოვება ცნობა, რომ ქვეყანა ატომური ბომბის შექმნასთან ახლოს დგას.

2022 წლის მდგომარეობით, ბირთვული კლუბი სულ 9 სახელმწიფოს: აშშ-ს, რუსეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ისრაელსა და ჩრდილოეთ კორეას აერთიანებს. 1994 წელს უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გარანტიის სანაცვლოდ 1900 ბირთვული ქობინი დათმო. შეთანხმებამ მხოლოდ 20 წელს იმუშავა და 20 წლის შემდეგ მისი აღმოსავლეთ მეზობელი და ერთ-ერთი გარანტორი თავად გახდა აგრესორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები