ლატვიის სეიმი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების საკითხს განიხილავს
ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2 აგვისტოს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების განაცხადს განიხილავს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსმა განაცხადა.
”უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ამორალური ომი განსაკუთრებით სასტიკი და ბარბაროსულია, რუსეთი განურჩევლად აწამებს, ასახიჩრებს და კლავს როგორც სამხედროებს, ასევე, მშვიდობიან მოსახლეობას”, – ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.
კომისიის სხდომა, ადგილობრივი დროით სამშაბათს, 11:00 საათზე დისტანციური ფორმატით ჩაინიშნა.
31 ივლისს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა ევროკავშირს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, რადგან მისი ქმედებები ბევრ რამეში “ისლამურ სახელმწიფოს” წააგავს.
აშშ-ის სენატმა 27 ივლისს ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად გამოაცხადოს იმ ქმედებებისთვის, რომელიც მან ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ჩაიდინა.