კრემლი კოსოვოს მოთხოვნას “უსაფუძვლოს” უწოდებ და სერბეთს უჭერს მხარს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის გამწვავება თავიდან იქნა აცილებული, ის ერთი თვით გადაიდო და აქ მნიშვნელოვანია წინდახედულობის გამოვლენა.
ამასთან, მისი თქმით, სერბების ყველა უფლება დაცული უნდა იყოს.
კოსოვოში ვითარება 31 ივლისს მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილი გახდა, რომ კოსოვოს ხელისუფლებამ სერბების მანქანების სანომრე ნიშნებისა და პასპორტების შეცვლას გეგმავდა. ასობით ეთნიკურმა სერბმა სერბეთის საზღვართან “იარინესა” და “ბრნჯაკის” საგუშაგოების მიმართულებით გზა სატვირთო მანქანებით გადაკეტა. ისმოდა სროლის ხმა.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კოსოვოს პრემიერმა გადაწყვეტილების ამოქმედება ერთი თვით, 1-ელ სექტემბრამდე გადადო. ამასთან, ალბინ კურტიმ მომხდარში სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვუჩიჩი დაადანაშაულა და თქვა, რომ საზღვარზე საავტომობილო გზის გადაკეტვა დაგეგმილი ქმედებაა.
თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვოში ვითარება არასდროს ყოფილა „უფრო რთული“ სერბეთისა და კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბებისთვის, ვიდრე ახლა.
შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით, სასაზღვრო კონფლიქტში ჩარევის მზაობა ნატო-ს მეთაურობით საერთაშორისო ძალებმა გამოთქვეს, რომლებიც კოსოვოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი.