კოსოვოში სერბებთან დაკავშირებული ზომების შემოღება გადაიდო

კოსოვოს ხელისუფლებამ სერბების მანქანების სანომრე ნიშნებისა და პასპორტების შეცვლა 1-ელ სექტემბრამდე გადადო.

ამის შესახებ გვიან ღამით კოსოვოს პრემიერმინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა და დასძინა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც კოსოვოს ჩრდილოეთით ბარიკადები იქნება აღებული და გადაადგილება აღდგება.

კოსოვოში ვითარება 31 ივლისს გამწვავდა. ასობით ეთნიკურმა სერბმა სერბეთის საზღვართან “იარინესა” და “ბრნჯაკის” საგუშაგოების მიმართულებით გზა სატვირთო მანქანებით გადაკეტა. ისმოდა სროლის ხმა.

ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ რეგიონში სიტუაციის გამწვავებაში სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვუჩიჩია დამნაშავე. მისი თქმით, საზღვარზე საავტომობილო გზის გადაკეტვა დაგეგმილი ქმედებაა.

როგორც კოსოვოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მისი ბრძანება კოსოვოს სანომრე ნიშნებზე მანქანების ხელახალი რეგისტრაციისა საპასუხო ქმედებაა, რადგან ბელგრადი იმავეს ითხოვს კოსოვოს მოქალაქეებისგან, რომლებიც სერბეთში შედიან.

„კოსოვოს რესპუბლიკის მთავრობა კატეგორიულად გმობს დღეს კოსოვოს ჩრდილოეთით გზების გადაკეტვას და იქ შეიარაღებული პირების მიერ პოლიციის მისამართით სროლას. საუბარია კოსოვოს დესტაბილიზაციის ტენდენციაზე და ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დღეს, შუადღისას და საღამოს იყო არაერთი აგრესიული აქტი, რომელიც იყო წაქეზებული და მომზადებული ოფიციალური ბელგრადის მიერ“, – ნათქვამია კოსოვოს ადმინისტრაციის განცხადებაში.

თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვოში ვითარება არასდროს ყოფილა „უფრო რთული“ სერბეთისთვის და კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბებისთვის, ვიდრე ახლა.

შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით, სასაზღვრო კონფლიქტში ჩარევის მზაობა ნატო-ს მეთაურობით საერთაშორისო ძალებმა გამოთქვეს, რომლებიც კოსოვოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები