ადვოკატი: დავით ჯიჯეიშვილი დედის თანხლებით, განყოფილებაში აღიარებით მივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩადენილ ქმედებას გულწრფელად ინანიებს და სასჯელისთვის ემზადება
“დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მეტსაც გეტყვით, ჩვენს შორის გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა”, – ამის შესახებ ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის, დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატმა, გიორგი გვაჯაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მკვლელობაში ბრალდებული ჩადენილ ქმედებას ინანიებს და სასჯელისთვის ემზადება.
„29 ივლისს დავით ჯიჯეიშვილი დედის თანხლებით, პოლიციის განყოფილებაში აღიარებით მივიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მის მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას ათვითცნობიერებს, გულწრფელად ინანიებს მას და უკვე 29 ივლისიდან შესაბამისი სასჯელისთვის ემზადება. ამდენად, დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მეტსაც გეტყვით, უფრო ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მას ჩემთვის არც უკითხავს და ჩვენს შორის გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა,“ – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დავით ჯიჯეიშვილს და კიდევ 7 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.