შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, თანამშრომლებს, ისინი გმირები არიან, ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მედიკოსები ემსხვერპლნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ისინი საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას – ადამიანების გადარჩენის ოპერაციის დროს დაიღუპნენ. მათი დაღუპვა დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის. ეს ტკივილი და მწუხარება საერთოა. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, თანამშრომლებს. ისინი გმირები არიან. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, – წერს პაპუაშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.