შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუდაურში, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაღუპულია ასევე უცხოელი ტურისტი, რომელიც პარაპლანით ფრინავდა. ამასთან, მისივე თქმით, დაშავებულია პარაპლანით მფრინავი ერთი ადამიანი.
„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის შესახებ და მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის, მით უმეტეს ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის. იცით, რომ 6 ადამიანი იყო ჩვენი თანამშრომელი, 2 კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმი იყო. ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა. ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ვარდნა. მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ექსპერტები იმუშავებენ, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა და აქედან გამომდინარე, პასუხი გვეცოდინება.
სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია. დაშავებული ქართველი ამოიყვანეს ვინც იყო, ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს გადაჰყავს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.