შს მინისტრი: გუდაურში სამაშველო ოპერაცია გვიან ღამემდე, ან დილამდე გაგრძელდება
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუდაურში, სადაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.
მისი თქმით, მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა, ჯერჯერობით უცნობია.
„კადრების მიხედვით, რაც ვნახე უკანა მხარე თითქოს კლდეს ეჯახება და შემდეგ მართვის დაკარგვა იწყება. ეს არ ვიცით, რამ გამოიწვია – შეცდომა იყო, გაუმართაობა, ქარის ბრალი იყო თუ რაც იყო, ალბათ, ექსპერტიზა გვეტყვის.
სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ვინც არის დაშავებული ამოვიყვანეთ, ქვევით ჯგუფები მუშაობენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარდაცვლილების პროზექტურაში გადასვენება დღესვე მოხდეს. თუ საჭირო გახდება ოპერაცია გვიან ღამემდე, ან დილამდე გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობ, რომ დილამდე არ დაგვჭირდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.