ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანით ფრენა დროებით შეჩერდება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანით ფრენა დროებით შეჩერდება.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც დღეს პარაპლანი ჩამოვარდა, მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება და სამთავრობო გუნდი რეგულაციების გამკაცრებაზე იმუშავებს.

„რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, დიდი პრობლემაა ნამდვილად, გიდასტურებთ. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. რა თქმა უნდა, არის დაღუპვის ფაქტები. ალბათ, უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არ ვიცი, აქ რატომ ხდება ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა – ყველაფერი საინტერესოა და ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. მანამდე, სანამ ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანებით ფრენა და შესწავლის შემდეგ, გაიცეს ლიცენზია ისეთ ადამიანებზე, ვინც ნამდვილად პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში, ვიდრე პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება ფრენა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები