სან-ფრანცისკოში “მაიმუნის ყვავილის” გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავენ

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში “მაიმუნის ყვავილის”გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ფიქრობენ.

ამის შესახებ ქალაქის მერის, ლონდონ ბრიდის განცხადებაშია ნათქვამი.

სან-ფრანცისკოში “მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა 3 ივნისს გამოვლინდა და მას შემდეგ შემთხვევების რიცხვი მატულობს.

მერის განცხადებაში ნათქვამია, რომ “მოსახლეობისთვის ამ ვირუსის რისკი დაბალია, რადგან მისი გადაცემა ადვილად არ ხდება”.

“თუმცა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაავადება ერთდროულად ბევრ ქვეყანაში გავრცელდა და სან-ფრანცისკოში შემთხვევების ზრდას ვაკვირდებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადება ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. დღეს ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი იღებს ზომებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის, რომ ვირუსის გავრცელებისთვის მზადება უკეთესად მოხდეს“, – ნათქვამია მერის განცხადებაში.

ადგილობრივი საგანგებო მდგომარეობა ძალაში 1-ელ აგვისტოს უნდა შევიდეს და გადაწყვეტილება, საბოლოოდ, უნდა იყოს მიღებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ერთი კვირის ვადაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები