საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს და, როგორც ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად ე. წ. ფიშინგის ნიშნებს შეიცავენ.
სებ-ი მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას, პირველყოვლისა გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა.
„უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან. მომხმარებელი მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი ვებგვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას, მაგალითად სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში და ა.შ.
ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას, პირველყოვლისა გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო, თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.