BBC: გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერის ყველა საჯარო შენობაში, გაზის კრიზისის გამო, წყლის გათბობა გამორთეს

გაზის კრიზისის გამო, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, ყველა საჯარო შენობაში წყლის გათბობა გამორთეს და ცივ შხაპზე გადავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს არის პირველი დიდი ქალაქი, რომელმაც ცხელი წყალი გათიშა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გერმანიას გაზის მიწოდება მკვეთრად შეუმცირა.

ენერგიის დაზოგვის მიზნით, გერმანიის ჩრდილოეთ ქალაქ ჰანოვერმა გადაწყვიტა, რომ ხელების დასაბანად ცხელი წყალი აღარ იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებრივ შენობებში, საშხაპეებში, საცურაო აუზებსა და სპორტულ დარბაზებში.

ამასთან, ითიშება საზოგადოებრივი შადრევნები და მთავარ შენობებზე, როგორიცაა მერია და მუზეუმები, ღამის განათება არ იქნება.

ქალაქის მერის, ბელით ონეის თქმით, მიზანი გაზის გარდაუვალი დეფიციტის საპასუხოდ ქალაქის ენერგიის მოხმარების 15 პროცენტით შემცირებაა.

ახალი წესები ასევე გავრცელდება გათბობის სისტემებზეც. საჯარო შენობებში აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე გათბობის სისტემა გამოირთვება. ოთახების ტემპერატურა წლის სხვა პერიოდში მაქსიმუმ 20 გრადუსი იქნება, გარკვეულ შემთხვევებში გამონაკლისების გათვალისწინებით.

ქალაქი ასევე კრძალავს პორტატულ კონდიციონერებს, გამათბობლებს და რადიატორებს.

გარდა ამისა, გერმანიის მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ მოსალოდნელია გაზის მოხმარების ზომების გამკაცრება და ასევე გადასახადებზე ფასის მომატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები