საჯარო მოხელეების მოსამზადებლად უკრაინაში “ევროპის კოლეჯს” შექმნიან
ევროკავშირის მხარდაჭერით, უკრაინაში „ევროპის კოლეჯი“ შეიქმნება, რომელშიც საჯარო მოხელეები მომზადდებიან.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში სპეციალური დაწესებულებაა „ევროპის კოლეჯი“, რომლის ერთი შენობა მდებარეობს ბრიუგეში (ბელგია), მეორე კი – ნატოლინიში (პოლონეთი).
“ეს არის უნივერსიტეტის შემდგომი განათლების ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი დაწესებულება, რომელიც ამზადებს სპეციალისტებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებში სამუშაოდ. ჩვენ ვქმნით ჩვენს “ევროპის კოლეჯს”. შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმებულია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, პირველ ეტაპზე, უკრაინის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ევროინტეგრაციის ფაკულტეტი გამოჩნდება. მოგვიანებით, „ევროპის კოლეჯი“ საპრეზიდენტო უნივერსიტეტის ფარგლებში იმუშავებს.
31 მაისს ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინაში საპრეზიდენტო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ, რომელიც მოამზადებს სპეციალისტებს ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, ნანოტექნოლოგიის, აერონავტიკის, ენერგეტიკისა და ბიოტექნოლოგიის სფეროებში.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, საუკეთესო პედაგოგები საპრეზიდენტო უნივერსიტეტში „მომავლის ადამიანებს“ მოამზადებენ.
სწავლის დაწყება 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს იგეგმება.