“ომისთვის მზად ვართ” – კიმ ჩენ ინი სეულსა და ვაშინგტონს ემუქრება

ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები მზად არიან, უპასუხონ ნებისმიერ კრიზისს, მათ შორის, მზად არიან შეერთებულ შტატებთან შეტაკებისთვის, ქვეყნის ბირთვული შეკავების ძალები კი – მობილიზებისთვის, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა კორეის ომში ზავის წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს.

ამის შესახებ სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-ი წერს.

“ჩვენი შეიარაღებული ძალები სრულად არიან მზად, უპასუხონ ნებისმიერ კრიზისს. ქვეყნის ბირთვული შემაკავებელი ძალები ასევე სრულ მზადყოფნაშია, ერთგულად, ზუსტად და სწრაფად მოახდინონ მობილიზება საკუთარი მისიის შესასრულებლად“, – ციტირებს სააგენტო მის სიტყვებს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეის მთავრობა და მისი პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი გააფრთხილა, რომ, ფხენიანთან სამხედრო დაპირისპირების მცდელობის შემთხვევაში, სეული და მისი არმია განადგურდება.

სხვა საკითხებთან ერთად, მან აღნიშნა, რომ შექმნილია პრევენციული სარაკეტო დარტყმის პლატფორმა – Kill Chain, რომლის განვითარება სეულში არაერთხელ განიხილებოდა.

“ასეთი სახიფათო მცდელობა მძლავრი ძალებით დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, იუნ სეოკ იოლის რეჟიმი და მისი არმია განადგურდება”, – იმუქრება კიმ ჩენ ინი.

კორეის ომის დასრულების წლისთავი ჩრდილოეთ კორეაში ეროვნული დღესასწაულია.

კორეის ნახევარკუნძულზე ბრძოლები 1950 წლის 25 ივნისს დაიწყო და 1953 წლის 27 ივლისს, ცეცხლის შეწყვეტის ზავით დასრულდა.

სამხრეთ კორეას მხარს 17 სახელმწიფოსგან შემდგარი კოალიცია უჭერდა – შეერთებული შტატების მეთაურობით, ხოლო ჩრდილოეთის მხარეს იყო ჩინეთი, საბჭოთა კავშირი და კომუნისტური სისტემის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ჩეხოსლოვაკია და “გდრ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები