უკრაინის რადამ გენერალურ პროკურორად ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა

Ukrainian lawmaker Andriy Kostin addresses the colleagues before voting for his appointment as the Prosecutor General, amid Russia's attack on Ukraine continues, in Kyiv, Ukraine July 27, 2022. REUTERS/Oleksandr Klymenko

უკრაინის რადამ ქვეყნის ახალ გენერალურ პროკურორად დეპუტატ ანდრეი კოსტინის დანიშვნის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.

კოსტინის დანიშვნის შესახებ დადგენილების პროექტი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა, რომელსაც 450 დეპუტატიდან 299-მ მხარი დაუჭირა.

„ჩვენ დავასრულებთ უკრაინელი ერის ტერორსა და გენოციდს. ამას ხელს შეუწყობს აგრესორის სისასტიკის სათანადო აღრიცხვა და დოკუმენტაცია“, – განუცხადა კოსტინმა პარლამენტს.

კოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ ის უზრუნველყოფს თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რათა „ომის ყველა დამნაშავე, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენელი“ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

მისი თქმით, ასევე დაისჯებიან „ფორმიანი მაქციები“ – უკრაინელი სამართალდამცავები, რომლებიც „მტერთან თანამშრომლობდნენ“.

ანდრეი კოსტინი წარმოშობით ოდესიდანაა და პროფესიით იურისტია. ის ასევე არის არჩეული დეპუტატი ხალხის მსახურიდან და 2020 წლიდან ხელმძღვანელობს პარლამენტის იურიდიული პოლიტიკის კომიტეტს. იგი ითვლება ზელენსკის შტაბის უფროსის, ანდრეი ერმაკის ახლო მოკავშირედ.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვენედიქტოვა თანამდებობიდან 17 ივლისს ქვეყნის უშიშროების სამსახურის უფროს ივან ბაკანოვთან ერთად გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები