„დაწესდება ზღვრული ფასი, რომლის ზემოთაც მედიკამენტები ვერ გაიყიდება“ – ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო

„დაწესდება ზღვრული ფასი, რომლის ზემოთაც მედიკამენტების პაციენტებისთვის მიწოდება ვერ მოხდება“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნანა შაშიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შაშიაშვილმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო. მისი თქმით, რეფერენტული ფასების პოლიტიკა წამლების გაიაფებას უწყობს ხელს.

გაგაცნობთ იმ სიახლეებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს. ესაა სამუშაო პროცესი, რომელიც რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით აქტიურად დაიწყო. რეფერენტული ფასები ცალსახად იქითკენაა მიმართული, რომ ჯანდაცვის ხარჯების შემცირება მნიშვნელოვნად მოხდება, მათ შორის, სამკურნალო საშუალებებზე ხარჯების შემცირება. რეფერენტული ფასების პოლიტიკას ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა, ასევე, არაწევრი ქვეყნები იყენებენ. რეფერენტული ფასები, ზოგადად, რამდენიმე მიმართულებით სამუშაოს მოიცავს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე, მათი უშუალო ჩართულობით ახორციელებს. არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ თემაზე აქტიურად მუშაობს. პირველი საკითხია, რომელი ქვეყნები იქნებიან შერჩეული რეფერენტულ ქვეყნებად. ქვეყნების შერჩევისას გათვალისწინებულია რამდენიმე კრიტერიუმი, ეს შეიძლება, იყოს ტერიტორიული პრინციპი, მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანდაცვის სისტემების მოწყობა და, რა თქმა უნდა, დაბალი ფასი. ამ ქვეყნებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ქვეყანა გეგმავს, სამკურნალო საშუალებებზე ის ზღვრული ფასი განსაზღვროს, რა ფასის ფარგლებშიც ქვეყანაში წამლების შემოტანა და შემდეგ სააფთიაქო დაწესებულებებიდან რეალიზაცია მოხდება. წამლების შემოტანა შესაძლებელი გახდება ყველა ქვეყნიდან, უბრალოდ, დაზუსტდება ის ფასი, რა ფასადაც შესაძლებელია, ქვეყანაში სამკურნალო საშუალებები შემოვიდეს. დაწესდება ზღვრული ფასი, რომლის ზემოთაც მედიკამენტების პაციენტებისთვის მიწოდება ვერ მოხდება.

აღნიშნული მეთოდი აპრობირებულია. ეს მსოფლიოში ხარჯების შეკავებისთვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

სანამ რეფერენტული ფასების პოლიტიკა სრულად ამუშავდება, ბაზარი ფასების რეგულირებისგან თავისუფალია.

სტატისტიკურად დადგენილია, რომ ჯანდაცვის სისტემაში მკურნალობაზე დახარჯული თანხების თითქმის 36 % სწორედ სამკურნალო საშუალებებზე მოდის, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. აქედან თითქმის 96 %-ის გადახდა პაციენტს ჯიბიდან უწევს. ფასების დარეგულირება, იმ ზღვრული ფასის განსაზღვრა, რომლის დაწესებასაც სამინისტრო გეგმავს, ფასების სერიოზულ, მნიშვნელოვან დაწევას და ხარჯების შეკავებას გამოიწვევს. დათვლილია, სხვა ქვეყნების შემთხვევაში როგორ იყო. მაგალითად: თურქეთის შემთხვევაში, რეფერენტული ფასების შემოღებიდან მესამე წელს აღმოჩნდა, რომ მილიარდი დოლარი დაიზოგა, მაკედონიის შემთხვევაში, რომელიც დიდი ქვეყანა არაა, რეფერენტული ფასების შემოღებიდან მეორე წელს 7, 5 მილიონ დოლარზე მეტია დაზოგილი.

ფასების შერჩევის დროს გათვალისწინებას ქარხნულ ფასთან მიმართებით ვგეგმავთ, ვინაიდან, ყველა ქვეყანას თავისი საგადასახადო სისტემა, სააფთიაქო და საცალო რეალიზაციაზე განსხვავებული მარჟები აქვს. ამიტომ, მიღებულია, რომ ქარხნული ფასი, ყველაზე ობიექტური ფასია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, რეფერენტული ფასები დადგინდეს. ასევე, რა კატეგორიის სამკურნალო საშუალებებზე იქნება დადგენილი რეფერენტული ფასები: პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებსა და ონკოლოგიურ პრეპარატებზე გავრცელდეს. ამ სამკურნალო საშუალებებზე ყველაზე მეტი დანახარჯია. შემდეგ ეტაპზე სამკურნალო საშუალებების ნუსხა გაფართოვდება“, – განაცხადა ნანა შაშიაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები