რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ტოვებს

რუსეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროექტს 2024 წლის შემდეგ დატოვებს.

ამის შესახებ “როსკოსმოსის” ახალმა ხელმძღვანელმა, იური ბორისოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, პარტნიორების წინაშე ყველა ვალდებულებას შევასრულებთ, მაგრამ 2024 წლის შემდეგ სადგურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია”, – თქვა მან.

კორპორაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის ეროვნული ორბიტალური სადგურის განლაგება დაიწყება, რაც უახლოესი წლებისთვის “როსკოსმოსის” მთავარი პრიორიტეტი იქნება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური – კოსმოსში აწყობილი საერთაშორისო ორბიტული სადგურია, რომელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის სახით იყენებენ. სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს და მისი დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით შეიძლება: მისი სიმაღლე მერყეობს 319,6 კმ-დან 346,9 კმ-მდე დედამიწის ზედაპირიდან. მისი მოძრაობის საშუალო სიჩქარეა 27.744 კმ/სთ და 15,7 ორბიტას ასრულებს დღეში.

სკს 14 ქვეყნის ერთობლივი პროგრამაა, რომელშიც შედიან: აშშ (ნასა), რუსეთი, იაპონია, კანადა და ევროპის კოსმოსური სააგენტოში შემავალი ქვეყნები – ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი, შვეიცარია, შვედეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები