საფრანგეთში მაღაზიები ღია კარებში კონდიცირებისთვის 750 ევროთი დაჯარიმდებიან
საფრანგეთში მაღაზიებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ, თუ კონდიციონერებს ღია კარებში ამუშავებენ.
ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ეკოლოგიის მინისტრმა, ანიეს პანიე-რუნაშემ თქვა, ეს წესი ზოგიერთ რეგიონში უკვე მოქმედებს და მთელ საფრანგეთში გავრცელდება.
მინისტრის თქმით, მაღაზიები 750 ევროთი დაჯარიმდებიან, რადგან კონდიცირების დროს კარის ღიად დატოვება „აბსურდია“.
უახლოეს დღეებში იგეგმება ენერგიის ხარჯების შესახებ ორი განკარგულების გამოცემა.
მათგან ერთი აუკრძალავს მაღაზიებს კარების გაღებას, სანამ კონდიციონერია ჩართულია; მეორე ნეონის შუქის ბანერების გამოყენებას ღამის 01:00 საათიდან – 06:00 საათამდე აკრძალავს, ქალაქის სიდიდის მიუხედავად.
ნეონის აბრების აკრძალვა უკვე მოქმედებს იმ ადგილებში, სადაც 800 000-ზე ნაკლები მოსახლეობაა.
აეროპორტები და რკინიგზის სადგურები ამ წესისგან გათავისუფლებულია.