ჩინეთმა პროექტის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, რუსეთში ინვესტიციები შეწყვიტა
ჩინეთს გლობალური ინიციატივის – “ერთი სარტყელი, ერთი გზის” ფარგლებში, დაარსებიდან პირველად, რუსეთში ინვესტიცია არ განუხორციელებია.
ამის შესახებ Financial Times-ი შანჰაის ფუდანის უნივერსიტეტის მწვანე ფინანსებისა და განვითარების ცენტრზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ ამ პროექტის ფარგლებში პეკინს რუსულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები 2022 წლის პირველ ნახევარში არ გაუფორმებია.
როგორც გაზეთი წერს, ინვესტიციების ნაკლებობა მიუთითებს იმაზე, რომ პეკინს არ სურს – რუსეთთან გარიგებებით, სანქციების ქვეშ მოექცეს.
ცენტრის დირექტორი, კრისტოფ ნედოპილ ვანი ვარაუდობს, რომ ინვესტიციების ვარდნა შესაძლოა, დროებითი იყოს, რადგან რუსეთსა და ჩინეთს შორის “ძლიერი ურთიერთქმედებაა”. მან გაიხსენა, რომ, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიუხედავად, ჩინეთმა რუსული ენერგორესურსების შესყიდვები გაზარდა.
FT აღნიშნავს, რომ ჩინეთი რუსეთში ინვესტიციებს პროექტის ჩაშვებიდან, 2013 წლიდან ახორციელებდა.
2021 წელს მოსკოვმა და პეკინმა, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ჯამურად, 2013 წლიდან ჩინეთმა რუსეთში 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. FT რუსეთს პროექტის – „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ერთ-ერთ მთავარ ბენეფიცირად ასახელებს.
მთლიანობაში, პროექტის დაარსებიდან ჩინეთმა სხვადასხვა ქვეყანაში 932 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.