გორის მუნიციპალიტეტში თანასოფლელებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა
გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ თანასოფლელებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ კარბში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლამდე ასაკის მამაკაცსა და თანასოფლელ ასაკოვან ქალს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოება ჩხუბში გადაიზარდა. სარწყავ წყალთან დაკავშირებით ჩხუბის დროს, ქალმა მამაკაცს თავში ქვა ჩაარტყა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების თქმით, მიღებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობითვე, ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.