არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია თავს პოლიტიკურ „ოფსაიდში“ იტოვებს
„პირველი რეკომენდაცია იყო დეპოლარიზაცია, რაც თანამშრომლობას გულისხმობს, პროცესში მონაწილეობას. ევროპული პოლიტიკისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი ხელწერა გახლავთ ქუჩის პოლიტიკა, დესტაბილიზაცია, ინსტიტუტებზე თავდასხმის პოლიტიკა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ვფიქრობ, ევროპარლამენტის დელეგაციამ ამ ორი დღის განმავლობაში ზუსტი შეფასება მისცა რადიკალური ოპოზიციის ამ ქცევას. მათ პირდაპირ უთხრეს, რომ სურთ საქართველოში ნახონ ევროპული, მშვიდი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა. პირდაპირ მოუწოდეს ამ პარტიებს, რომ პროცესში ჩაერთონ და იმუშაონ, მეტი რა უნდა გააკეთონ? რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ანტისისტემური და ანტიდემოკრატიული, არ ჯდება ევროპულ წესებში. ამაზე პირდაპირ მიანიშნეს ევროპელმა კოლეგებმა. რადიკალური ოპოზიცია თავს პოლიტიკურ „ოფსაიდში“ იტოვებს. ეს მათ აზიანებს. მმართველი გუნდი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა თალაკვაძემ.