ირაკლი სესიაშვილი: შეშფოთებული ვარ კარლ ბილდტის შეშფოთებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებას ეხმაურება. როგორც დეპუტატმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ერთ პირს, კარ ბილდტს საქმის გამოძიების დასრულებამდე გამოტანილი აქვს საკუთარი დასკვნა, მაშინ როდესაც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და არა რომელიმე კონკრეტული პირი მოგვიწოდებს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველა დანაშულს.
სესიაშვილის თქმით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასება ობიექტურობას სცილდება, რადგან ის მითითებას მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულებაზე არ იძლევა.
„კარ ბილდტი განსაკუთრებით მგრძნობიარედ ყველა იმ პროცესებზე რეაგირებს, რომლებიც ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერებს. მისი შეფასება ჩემთვის სცილდება ობიექტურობას იმდენად, რამდენადაც ის არათუ მოგვიწოდებს, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს სამართლიანად, ობიექტურად, მიუკერძოებლად, არამედ, ის თავიდანვე აკეთებს იმის შეფასებას. ის პირდაპირ ამბობს, რომ მართლმსაჯულების გამოყენება ხდება შურისძიების მიზნით და აქ წერტილს სვამს.
ის ფაქტობრივად აკეთებს დასკვნებს მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი არ გამართულა, არ წარმოდგენილა მტკიცებულებები, მოწმეები, არ მომხდარა საქმის არსებითი განხილვა. მას უკვე აქვს საკუთარი პოზიცია და ამბობს, რომ მართლმსაჯულება შურისძიების მიზნით არის გამოყენებული. ასეთი შეფასებაზე, რა თქმა უნდა, ჩემი რეაქცია არის ძალიან მწვავე და მე შეშფოთებული ვარ მისი შეშფოთებით. მას უკვე დასკვნები აქვს გაკეთებული მაშინ, როდესაც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და არა ერთი პირი პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ ამ ქვეყანაში რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველა იმ დანაშულს, რომელიც უკავშირდება წამებას, ადამიანების უკანონო გატაცებას და არაადამინური მოპყრობა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა. როგორც ბილდტი წერს, საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებით, შურისძიების მიზნით, ევროპულ გზას სცდება, ეს კი ქვეყანას აზიანებს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი, რომლითაც დაცვის მხარე თბილისის საოლქო სასამართლოს 2 აგვისტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევასა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.