ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ჯგუფის წევრებს მუშაობის სპეციფიკა და პროცედურები გააცნო. მისი განცხადებით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური მიდგომებია საჭირო. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის სამომავლო საქმიანობას, ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, მომზადდება სპეციალური კითხვარი, სადაც ასახული იქნება დღეისათვის არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემო, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა, პრაქტიკული გამოცდილება, არსებული გამოწვევები და ის ხარვეზები, რომლებიც დახვეწას და შესაბამის ცვლილებებს საჭიროებს.

„შეხვედრაზე შევთანხმდით სამუშაო პროცესზე, ვადებზე, ასევე იმ მიმართულებებზე, რომელსაც შევეხებით შეფასების და წინადადებების მომზადების პროცესში. ევროკავშირის რეკომენდაცია პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაძლიერდეს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ რომელიც დაეფუძნება საფრთხეების დეტალურ შეფასებას, ასევე მკაცრ საგამოძიებო მოქმედებებს, ეფექტიან გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას, ისევე როგორც სანდო სტატისტიკის წარმოებას, როგორც ბრალდებების ასევე მსჯავრდებულების საბოლოო გადაწყვეტილების კუთხით. ასევე საუბარია სამართალდამცავი უწყებების ანგარიშვალდებულების და ზედამხედველობის უზრუნველყოფაზე.

მუშაობის პროცესში საინტერესო იქნება სამოქალაქო საზოგადოების პოზიციების მოსმენა, თუ რა ხარვეზებს ხედავენ ისინი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და რა გამოწვევებს. ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლის შემდეგი გაძლიერების მიზნით არსებული ვითარების დეტალური შეფასება და ამის შემდეგ, შესაბამისი დასკვნის გაკეთებაა საჭირო, რათა კონკრეტული ნაბიჯები განვსაზღვროთ”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, კითხვარის მომზადების შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრებს 2 კვირიანი ვადა მიეცემათ, რათა წარმოადგინონ მათი მოსაზრებები და ის ინფორმაცია, რომლებიც მათ სამსახურებრივ კომპეტენციას განეკუთვნება. სამუშაო შეხვედრები კი პერიოდულად, თემატური სფეროების მიხედვით გაიმართება. ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესის პროცედურაზე, ჯგუფის წევრებმა – საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობაზე მზაობა განაცხადეს.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში უმრავლესობის წევრებისა და ოპოზიციის ნაწილთან ერთად, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მონიტორინგის სამსახურის, ეროვნული უსაფრთხოები საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შედიან. სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულების მიზნით შეიქმნა, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები