დევიდ მაკალისტერი: საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
“ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილება გახლდათ ისტორიული, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. ეს გახლავთ აღიარება, რომ ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ უმასპინძლეთ ჩვენს დელეგაციას. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განგვეხილა ეს შესაძლებლობები, რომლებიც ამჟამად საქართველოს წინაშე არის, საქართველოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. მე ვარ დევიდ მაკალისტერი, წარმოვადგენ 6-კაციან დელეგაციას ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტისა.
დღეს საქართველოში ვიზიტი არის სამხრეთ კავკასიაში ჩვენი მისიის ერთ-ერთი ნაწილი და ჩვენ ორი დღის განმავლობაში შევხვდებით საქართველოს პარლამენტის, მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტის სპიკერს, პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. აგრეთვე, საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს და შევხვდებით სამოქალაქო საზოგადოების წევრებსაც. რა თქმა უნდა, ძირითადად ვისაუბრებთ საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.
მინდა, გითხრათ, რომ წინა თვეში გადაწყვეტილება ევროპულ საბჭოში გახლდათ მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ევროპის პარლამენტი უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მზად არის, საქართველო დაუახლოოს ევროპის კავშირს, რამეთუ საქართველო არის ევროპის კავშირის ოჯახის წევრი. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის ასახული ევროკომისიის მოსაზრებაში.
ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთად, ჩვენ განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა, რომ მათ გვერდზე გადადონ განსხვავებები და კონსტრუქციულად ისაუბრონ, იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე და ეს არის პოლარიზაცია, ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არქონით იმისთვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისთვის, რა მიზანიც აქვს დასახული“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.