ოთარ დანელია: საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს

  სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე – ამბასადორიალი 2014 – სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სიტყვით გამოვიდა.
საკუთარ გამოსვლაში სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და მიზნობრივი განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული აგრარული პოლიტიკა და სოფლის მეურნეობის სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის მნიშვნელოვანი ზრდა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში, რეფორმები გატარდება კომპლექსურად, ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით სურსათის უვნებლობის სფეროში. იმისათვის, რომ მოხდეს თავისუფალი სავაჭრო სივრცის სრულყოფილი ამოქმედება, საქართველომ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო მუშაობა შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე.
მისი თქმით, ევროკავშირის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად და ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხორციელდა სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო დაახლოების პროგრამის გადახედვა. პრიორიტეტების გათვალისწინებით მომზადდა პროგრამის პროექტი, რომელიც დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.
„ასოცირების ხელმოწერის ფარგლებში მნიშვნელოვანია ჩვენი მეგაბარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ევროპული სტანდარტების დანერგვა. შესაბამისად, ამბოსადორიალზე საუბარი იყო ყველა პრობლემატურ თემაზე და იმ გამოწვევებზე, რომელთ წინაშეც დღს ჩვენი ქვეყანა დგას. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები