ზურაბ აზარაშვილი: ვცდილობთ, კლინიკებისთვის მსოფლიოში აპრობირებული ყველაზე სამართლიანი სატარიფო სისტემა შემოვიტანოთ
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მისი უწყება კლინიკებისთვის მსოფლიოში აპრობირებული ყველაზე სამართლიანი სატარიფო სისტემის შემოტანას ცდილობს.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით კლინიკებთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.
“კლინიკების ტარიფები შესაძლებელია გადასახედი იყოს, თუმცა ამისთვის გვჭირდება მყარი არგუმენტაცია, რადგან იხარჯება ბიუჯეტის თანხები – დარწმუნებული რომ ვიყოთ, რომ თანხები, რომელიც ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე იხარჯება არის ადეკვატური, არის სამართლიანი და ეს ტარიფი არის იმდენი, რომ ამ ტარიფის მიხედვით აუცილებლად ორიენტირებული იყოს ესა თუ ის კლინიკა თუ სამედიცინო ქსელი, პაციენტის მომსახურების ხარისხზე და მიაწოდოს შესაბამისი მომსახურება. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი სხვადასხვა ნაბიჯი დავგეგმეთ და აქტიურად მივყვებით, აქტიურად მიდის კონსულტაციები სამედიცინო კლინიკებთან, სხვადასხვა ქსელებთან. ჩემს მოადგილეებს აქვთ ამ თემაზე სრული დელეგირება და ისინი როგორც სამედიცინო ასევე ფინანსური კუთხით, მათთან ერთად ცდილობენ შემოიტანონ მსოფლიოში აპრობირებული ყველაზე სამართლიანი სატარიფო სისტემა. ეს სისტემა „დიარჯის“ სახელწოდებით არის ცნობილი. პარალელურად ჩვენ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სტანდარტებს, როგორც მომსახურების ხარისხზე, ასევე სხვადასხვა ხარისხთან დაკავშირებულ სტანდარტებს ვგეგმავთ, რომ დავგეგმოთ სამინისტროში და აქედან გამომდინარე, როცა შესრულდება ხარისხთან დაკავშირებული პირობა და შესრულდება ტარიფის გადახედვის პირობა, ჩვენ უკვე სრულად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, ასევე ჩვენი მოქალაქეებიც, რომ მათ ეწევათ უმაღლესი ხარისხის, უმაღლესი სტანდარტის მომსახურება და ანაზღაურებაც არის ადეკვატური და იქ არანაირი კითხვის ნიშნები არ ჩნდება“, – განაცხადა აზარაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.