დემურ გიორხელიძე: წაიკითხეთ ევროპული პრესა, რა მდგომარეობაა, რა ხდება მათ ეკონომიკაში

“წაიკითხეთ ევროპული პრესა, რა მდგომარეობაა, რა ხდება მათ ეკონომიკაში. უკვე თავადაც აღარ მალავენ ამას. იმასაც კი აღიარებენ რომ ეს დიდი შეცდომების შედეგია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დემურ გიორხელიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.

გიორხელიძე ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს.

“ომიდან 5 თვის თავზე აშკარად ჩანს ის მიზნები, რომლებიც დაფარული იყო. უკრაინის განადგურებას ორ-სამ დღეში წინ არაფერი დაუდგებოდა, მაგრამ ამ საომარ მოქმედებებს მხოლოდ სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა, ეს არის ეკონომიკური ომი, რომელიც ბევრად უფრო საშინელი და სახიფათოა.

ჩვენ დღეს ვხედავთ კრახისკენ მიმავალი ევროკავშირის ეკონომიკას, რომელსაც მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს. ევროპის 2000-წლოვანი უძლეველობა დაჩოქებულია. მალე სრული კრახის წინაშე დადგება. მისი პოლიტიკური მარცხი ჯერ კიდევ 1968 წელს ცნობილი მოვლენების შემდეგ დაიწყო. ზუსტად იმუშავა ტექნოლოგიამ – ევროპელი ახალგაზრდა თაობა ყალბ იდეოლოგიასა და ფასეულობაზე გადაიყვანეს. ტვინები გამოურეცხეს. შედეგად კი მიიღეს იდეოლოგიით განადგურებული, გამოთაყვანებული, უტვინო ხელისუფლებები, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოების განადგურებაზე მუშაობენ.

ევროკავშირის მომავალი აბსოლუტურად უპერსპექტივოა. ამას მალე თავადაც დაინახავთ. ის წარმოდგენები, რომ ეკონომიკური სანქციებით შესაძლებელი იყო რუსეთის ხერხემალში გადატეხა, მცდარი აღმოჩნდა.

შეერთებული შტატების ხელისუფლებასაც არაერთმა ბრწყინვალე ამერიკელმა პროფესიონალმა ურჩია, რომ ამის გაკეთება სრული უაზრობაა და მძიმედ დაუბრუნდება შტატებს. 200 წლის განმავლობაში პირველად ანგლოსაქსური სამყარო უმცირესობაში აღმოჩნდა. სრულდება, რასაც პაქს ამერიკანა ჰქვია. ანგლოსაქსებს არ აქვთ გავლენის სფეროები. აზიამ, აფრიკამ, სამხრეთ ამერიკამ და მექსიკამაც სულ სხვა პოზიცია დაიკავეს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდნენ, ახლა ამიტომაც ცდილობენ ურთიერთობის დაძაბვას რუსეთს, ინდოეთსა და ჩინეთს შორის, მაგრამ ეს უკვე განწირული ტექნოლოგიაა. ვერანაირი ფერადი რევოლუციები და პროვოკაციები პროცესს ვერ მოაბრუნებს.

წაიკითხეთ ევროპული პრესა, რა მდგომარეობაა, რა ხდება მათ ეკონომიკაში. უკვე თავადაც აღარ მალავენ ამას. იმასაც კი აღიარებენ რომ ეს დიდი შეცდომების შედეგია. მეტისმეტად დილეტანტურად მიუდგნენ საკითხს, რომ შესაძლებელი იყო გაზი სხვა ე.წ. განახლებადი ენერგიებით ჩანაცვლებულიყო – მზით და ქარით. თავიანთი მცდარი პოლიტიკა ამ სისულელეებზე ააგეს და შედეგიც მიიღეს.

დღეს რეალური საფრთხის წინაშე დგანან. უბრალოდ, დაფიქრდით, რა მოხდება, რუსეთიდან გამავალი გაზგამტარი სისტემები ან “ჩრდილოეთს ნაკადი-1″ ევროპის ტერიტორიაზე რომ ააფეთქონ. არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირი ამ სიტუაციიდან გამოვა, პირიქით  – მისი დეგრადაცია გარდაუვალია.

რაც შეეხება რუსეთს, საკმარისია, ფეხი დაუცდეს, რომ პოლიტიკურად განადგურდება, რადგან დასავლეთის მთავარი ამოცანა სწორედ რუსეთის სახელმწიფოს და რუსი ხალხის მოსპობაა.

ცხადია, სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკასაც შეექმნა პრობლემები, მაგრამ ეკონომიკურად მისი დამარცხება შეუძლებელია. მას აქვს ძალიან ძლიერი მხარეები, ფაქტობრივად, შეეზღუდათ რესურსები”, – განაცხადა გიორხელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები