საბერძნეთში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კავალასთან სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მედიის ცნობით, “ანტონოვ-12”, რომელსაც უკრაინაში დაფუძნებული კომპანია „მერიდიანი“ მართავდა, სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, თუმცა ზოგიერთი დაუდასტურებელი ცნობით, თვითმფრინავში რვა ადამიანი იმყოფებოდა.

საბერძნეთის სახელმწიფო მაუწყებლის ERT-ის ცნობით, თვითმფრინავს 12-ტონიანი ტვირთი გადაჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა კავალას აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა ძრავის პრობლემის გამო, თუმცა იქამდე მისვლა ვერ შეძლო. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მათ აფეთქებების ხმაც გაიგეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ადგილზე შვიდი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. სახანძრო ბრიგადის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ისინი თვითმფრინავზე არსებულ ტვირთს საშიშ მასალად განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები