„ზოგჯერ საინფორმაციო იარაღს ჩვეულებრივ იარაღზე მეტის გაკეთება შეუძლია“ – ზელენსკი უკრაინელებს საინფორმაციო ველზე სიფრთხილისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს უკრაინელებს, ფრთხილად იყვნენ საინფორმაციო ველზე და არ დაუჯერონ ყალბ და ანონიმურ წყაროებს.

„რამდენი ადამიანი შეაშინა დღეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მასობრივ სარაკეტო დარტყმაზე გავრცელებულმა „ფეიკმა“? ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ხდებოდა წინა კვირების განმავლობაში, დნეპრის, ვინიცას, ჩასივ-იარის შემდეგ, რამდენი ადამიანის ნერვები ფუჭდება რუსი  პროპაგანდისტებისა და ოფიციალური პირების მიერ ყოველდღიურად საშინელებების ტირაჟირებით, რამდენ პრობლემას უქმნიან უკრაინელები საკუთარ თავს ნებისმიერი ანონიმური წყაროს ნდობის გამო“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს ზოგჯერ არაჯანსაღ ფორმებს იძენს, როდესაც სოციალური ქსელები და საიტები ავრცელებენ რუსეთიდან განგებ „ჩაყრილ“ ინფორმაციებს, რომელთა მიზანია გაზარდონ სარაკეტო და საარტილერიო ტერორი საინფორმაციო ტერორითაც.

„ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ემოციური სუვერენიტეტიც, რათა მხარი არ ავუბათ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო თამაშს, რათა გვქონდეს ძალა გაცნობიერებულად აღვიქვათ ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი შეტყობინება, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ისინი და დავინახოთ, ვის და რაში სჭირდება ისინი, სჭირდება თუ არა ეს უკრაინას და გვიმსუბუქებს თუ არა გამარჯვებისკენ სავალ გზას. ზოგჯერ საინფორმაციო იარაღს ჩვეულებრივ იარაღზე უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. აშკარაა, რომ რუსეთის რაკეტები და არტილერია ჩვენი ერთიანობის დარღვევას და შეცდომაში შეყვანას ვერ შეძლებენ. ასევე აშკარა უნდა იყოს, რომ უკრაინული ერთიანობის გატეხა შეუძლებელია ტყუილით, დაშინებით, „ფეიკებით“ ან შეთქმულების თეორიებით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ივანო-ფრანკოვსკის მერმა, რუსლან მარცინკოვმა „ფეისბუქსა“ და „ტელეგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, რომ თითქოს უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა მზადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები